ხშირად დასმული კითხვები

რა არის იურიდიული კონსულტაცია?

ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

ვის შეუძლია მიიღოს იურიდიული კონსულტაცია?

ნებისმიერ პირს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

რას გულისხმობს იურიდიული დახმარება?

სამართლებრივ კონსულტაციას, დოკუმენტების შედგენას, ადვოკატის წარმომადგენლობას სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში.

ვის შეუძლია მიიღოს იურიდიული დახმარება?

კანონით გათვალისწინებულ პირს. კერძოდ, გადახდისუუნარო პირს, არასრულწლოვანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს, მხარდაჭერის მიმღებ პირს, თავშესაფრის მაძიებელს, პირს, რომელზეც ვრცელდება სავალდებულო დაცვა (დეტალურად იხილეთ „სამსახურის მანდატი“).

არის თუ არა სამსახურის სერვისები ფასიანი?

იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურეობა ბენეფიციარისთვის უფასოა. სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

რომელ უწყებას ექვემდებარება სამსახური?

სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სამინისტროს ან სხვა უწყებას. სამსახური დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.

შეუძლია თუ არა ბენეფიციარს ადვოკატის არჩევა?

ბენეფიციარს არ შეუძლია ადვოკატის არჩევა. ადვოკატის დანიშვნა ხორციელდება სამსახურში არსებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად, ადვოკატების დატვირთულობის მიხედვით, ანაწილებს საქმეებს.

სად შეიძლება უფასო კონსულტაციის მიღება?

ქვეყნის მასშტაბით სამსახურს აქვს 43 ოფისი - 13 იურიდიული დახმარების ბიურო და 30 საკონსულტაციო ცენტრი. იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში.

როგორ მივიღო კონსულტაცია ონლაინ?

იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონით (14 85 ან 032 292 00 55) და ონლაინ საშუალებებით:

  • Facebook: იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service
  • ელ. ფოსტა: info@legalaid.ge
  • მობილური აპლიკაცია: იურიდიული დახმარების სამსახური

სამსახურის მანდატი

მანდატი სისხლის სამართალში

სავალდებულო დაცვა

საზოგადოებრივი ადვოკატები ახორციელებენ ბრალდებულთა სავალდებულო დაცვას, გადახდისუუნარობის ფაქტის მიუხედავად, თუ პირი:

  • არასრულწლოვანია;
  • არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
  • აქვს შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც ხელს უშლის დაცვის განხორციელებას;
  • დანიშნულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა;
  • ქმედებისთვის სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთაა;
  • მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე;
  • საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
  • თავს არიდებს გამოცხადებას ან გააძევეს სხდომიდან;
  • არაიდენტიფიცირებულია ან განიხილება მისი ექსტრადიცია.

არასრულწლოვანი მოწმე/დაზარალებული

სამსახური უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი.

მანდატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია შემდეგი პირებისთვის:

  • გადახდისუუნარო პირი: საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით.
  • არასრულწლოვანი: გადახდისუუნარობის მიუხედავად.
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი: გადახდისუუნარობის მიუხედავად.
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: დამცავი/შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, გადახდისუუნარობის მიუხედავად.
  • თავშესაფრის მაძიებელი: საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ დავაზე.
  • მხარდაჭერის მიმღები პირი: სასამართლოში მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის განხილვისას.
ადვოკატის დანიშვნის საგამონაკლისო წესი

სამსახურის დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ იმ პირისთვის, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია და ვერ ქირაობს ადვოკატს.
  • დაავადებულია მძიმე ან განუკურნებელი სენით.
  • არის მარტოხელა მშობელი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, ასაკით პენსიონერი, მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი.
  • ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარია.

სოც.ქსელები

აღმაშენებლის N140ა, თბილისი, საქართველო

საიდენტიფიკაციო კოდი:

204534058

იურიდიული დახმარება

საინფორმაციო რესურსები

legalaid.ge