ბავშვთა უფლებების შესახებ

FAQ Widget
ბავშვად/არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი.

ბავშვს, მისი ასაკის მიუხედავად, უფლება აქვს დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ქმედების გასაჩივრებისათვის.

სასამართლო პროცესზე ბავშვს უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

სახელმწიფო ბავშვისათვის უზრუნველყოფს უფასო საადვოკატო მომსახურებას, იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით, როდესაც ბავშვს საკუთარი ადვოკატი არ ჰყავს.

ბავშვის მიერ უფლების დაცვის შესაძლებლობა სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადით. ეს ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ უფლების დაცვა სასამართლოსთვის მიმართვის გზით, ვეღარ განხორციელდება.

თუმცა, კანონმდებლობით ბავშვის მიმართ სექსუალური, ეკონომიკური, ოჯახში ძალადობის ან სხვა ფორმის ძალადობის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან არასრულწლოვანების პერიოდში სასამართლოსთვის მიმართვამდე.

საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 76–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ადმინისტრაციულმა ორგანომ და სასამართლომ ბავშვთან დაკავშირებული შუამდგომლობის, საჩივრისა და სარჩელის განხილვას პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება შემჭიდროებულ (კანონით გათვალისწინებულ) ვადებში.

  • ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან, დაზიანებისგან, უგულებელყოფისგან, დაუდევარი მოპყრობისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან, არასრულწლოვნით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგისგან) და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმისგან ნებისმიერ ოჯახში, სკოლაში და სხვა ადგილზე, მათ შორის, ინტერნეტსივრცეში.
  • აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგულაციებით არასრულწლოვანს მიენიჭა უფლებამოსილება დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს თავის უფლებების დასაცავად.

მშობელთა განქორწინებიდან გამომდინარე 10 წლამდე ბავშვის გვარის შეცვლისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობაც.

ბავშვს შეუძლია დარეკოს იურიდიული დახმარების სამსახურის ცხელ ხაზზე: 14 85 ან +995 (32) 2 92 00 55.

ასევე ელ. ფოსტის მეშვეობით მოიწეროს მისთვის საინტერესო საკითხი: info@legalaid.ge

ან მივიდეს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრში ან იურიდიული დახმარების ბიუროში. მისამართები იხილეთ ბმულზე: https://www.legalaid.ge/ka/p/1/offices

ბავშვის მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.

ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთისა (მაგ: მიწის ნაკვეთი, სახლი) და ისეთი მოძრავი ნივთების განკარგვა, რომელთა ღირებულებაც 1 000 ლარზე მეტია, შესაძლებელია სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

1000 ლარზე ნაკლები ღირებულების მოძრავი ნივთების განკარგვისთვის სასამართლოს თანხმობა სავალდებული არ არის.

ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან.

16 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით.

14 წლამდე არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტის, ხელოვნების ან კულტურის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად ანდა სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე–18 მუხლით გარანტირებულია ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე.

  • ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა.
  • ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში.
მეურვეობის მიმღები პირი არის არასრულწლოვანი ბავშვი 0–დან 7 წლამდე, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა.
მზრუნველობის მიმღები პირი არის არასრულწლოვანი ბავშვი 7–დან 18 წლამდე, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა.
დღეს აღნიშნულ ორგანოს წარმოადგენს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

ბავშვისათვის მეურვეობის და მზრუნველობის დაწესება შესაძლებელია, მაშინ როდესაც:

  1. სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;
  2. შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;
  3. გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;
  4. ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები ჩამოერთვა;
  5. სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;
  6. მშობელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.
მეურვეობისა და მზრუნველობის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობის და მზრუნველობს ორგანო ნიშნავს მეურვეს ან მზრუნველს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მათთვის ცნობილი ხდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.
მეურვედ ან მზრუნველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
მეურვემ მასზედ დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად და გულისხმიერად, უსასყიდლოდ. იგი ვალდებულია იზრუნოს ბავშვის რჩენასა და აღზრდაზე, მის ჯანმრთელობაზე. ვალდებულია იცხოვრობს ბავშვთან ერთად.
მზრუნველმა მასზედ დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად და გულისხმიერად, უსასყიდლოდ. იგი ვალდებულია იზრუნოს სამზრუნველო პირის რჩენასა და აღზრდაზე, მის ჯანმრთელობაზე.
როდესაც მეურვე ან მზრუნველი არ ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ, მათი მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს დაინტერესებულმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში.
მეურვეს და მზრუნველს მათი მოვალეობების შესრულებისაგან ათავისუფლებს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, თუ ბავშვის მშობლებისათვის მოხდა მშობლის მოვალეობების სრულად აღდგენა ან ბავშვის გაშვილების შემთხვევაში.

თუ მეურვე ან მზრუნველი არასათანადოდ ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო გადააყენებს ან გაათავისუფლებს მას მოვალეობის შესრულებისაგან.

თუ მეურვე/მზრუნველი ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას ან სამეურვეო პირს დატოვებს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ახორციელებს ზედამხედველობას მეურვეზე და მზრუნველზე. იგი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შეამოწმოს ისინი.

მეურვეობის შეწყვეტის საფუძვლებია:

  1. სამეურვეო პირის გარდაცვალება;
  2. სამეურვეო არასრულწლოვანი პირის 7 წლის ასაკის მიღწევა;
  3. სამეურვეო არასრულწლოვანი პირს, რომელსაც არ შესრულებია შვიდი წელი, მშობელს აღუდგა მშობლის უფლებები და მოვალეობები.

მზრუნველობა წყდება მაშინ როდესაც:

  1. სამზრუნველო პირის გარდაცვალებით;
  2. სამზრუნველო არასრულწლოვანი პირის 18 წლის ასაკის მიღწევით;
  3. სამზრუნველო არასრულწლოვანი პირის დაქორწინებით;
  4. სხვა სამზრუნველო პირების მიმართ – მოისპო მიზეზი, რომელმაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.

სოც.ქსელები

აღმაშენებლის N140ა, თბილისი, საქართველო

საიდენტიფიკაციო კოდი:

204534058

იურიდიული დახმარება

საინფორმაციო რესურსები

legalaid.ge